დეტალური აღწერა:
ლადო გუდიაშვილის მდიდარსა და მრავალფეროვან შემოქმედებით მემკვიდრეობაში გამორჩეული ადგილი სატირულ-გრაფიკულ სერიას უკავია (XX საუკუნის 40-50-იანი წლები. ტონირებული ქაღალდი, ფანქარი, ტუში). გრაფიკული შემოქმედება მხატვრისთვის სიცოცხლის მანძილზე ყოველდღიური რეალობის ბუნებრივი პროცესი და ცოცხალი მოთხოვნილება იყო. მხატვრის ოჯახის წევრების გადმოცემით, ის არასოდეს იცილებდა ფანქარს, ყველაფერს, რასაც ირგვლივ ხედავდა, ყველა თავის ჩანაფიქრს, ხაზის საშუალებით ქაღალდზე გადმოსცემდა. გრაფიკული შემოქმედება მისი ცხოვრების ყველა პერიოდის თანმხლებია. გუდიაშვილისათვის ხაზით აზროვნება, გრაფიკის სახვითი შესაძლებლობების ვირტუოზული ფლობა, მუსიკოსის აბსოლუტური სმენის მსგავსად, მისი ნიჭის ბუნებრივი და მთავარი დამახასიათებელი მხარეა. ხაზის უზადო ოსტატობა მას გენეტიკურად ეროვნული ხელოვნების ტრადიციებთან აკავშირებს.