bookspace

ფრაგმენტები ოლგა ტოკარჩუკის სანობელე ლექციიდან

ლიტერატურული სამყარო ნოემბერი-დეკემბრის თვეს, შეიძლება ითქვას, ნობელის პრემიის ლაურეატს უთმობს. ერთი წლის წინ, 7 დეკემბერს, ნობელის პრემიის 2018 წლის ლაურეატმა ლიტერატურაში, ოლგა ტოკარჩუკმა, შვედეთის აკადემიაში სანობელე ლექცია წაიკითხა. ლექციის სათაურია: „მგრძობიარე მთხრობელი“. ამ სტატიაში, ვიხსენებთ და გიზიარებთ ტექსტის გამორჩეულ ფრაგმენტებსა და მნიშვნელოვან ფაქტებს, მწერლის შესახებ.

"პირველი ფოტო, რომელიც გონებაში ჩამებეჭდა, დედაჩემისაა, ჩემს დაბადებამდე გადაღებული. სამწუხაროდ, იგი შავ-თეთრია, ამიტომ დეტალების უმეტესობა გაცვეთილია და მხოლოდ მონაცრისფრო, მკრთალი მონახაზებია შემორჩენილი. შუქი - რბილია, თითქოს გაზაფხულის წვიმიანი დღე ფანჯრიდან შემოდის და ოთახს ოდნავ შესამჩნევად ანათებს. დედა ჩვენს ძველ რადიოსთან ზის, რომელსაც მწვანე თვალივით ღილაკი და ორი მარეგულირებელი აქვს - ერთი ხმისთვის, მეორე კი ტალღის დასაჭერად. მოგვიანებით, ეს რადიო ჩემი ბავშვობის თანამგზავრი გახდება; კოსმოსის არსებობაზე მისგან გავიგებ. ხის ტალღების დამჭერის დატრიალებითა და ანტენით, სხვადასხვა სიგნალის მიღება შეიძლება - ვარშავის, ლონდონის, ლუქსემბურგისა თუ პარიზის. ხანდახან ხმა წყდებოდა, თითქოს სადღაც, პრაღას და ნიუ-იორკს ან მოსკოვსა და მადრიდს შორის და ტალღაც შავ ხრელებში იფანტებოდა. სწორედ მაშინ დამივლიდა ჟრუანტელი. მჯეროდა, რომ რადიოდან უცხო მზის სიტემები და გალაქტიკები მეხმიანებოდნენ; ხმაურის და შიშინის მიღმა იმ ინფორმაციას მაწვდიდნენ, რისი გაგებაც მე არ შემეძლო."

"ცალსახაა, რომ დღეს რევოლუციის წინაშე ვდგავართ, როცა გამოცდილება პირდაპირ, ბეჭდური სიტყვის გარეშე შეიძლება გადმოიცეს. ამიტომ აღარ არის საჭირო, სამოგზაურო დღიურის, ჩანაწერების წარმოება, როცა შესაძლებელია ფოტოების გადაღება და მთელ მსოფლიოში გაგზავნა; სოციალურ ქსელში გაზიარება - ერთდროულად ყველასთან, თითოეულთან. რატომ უნდა ვიკითხოთ სქელტანიანი წიგნები, როცა სერიალში „ჩაძირვა“ შეიძლება? ჯობს, თამაშის ჩართვა, ვიდრე მეგობრებთან ერთად გართობა, სადმე ქალაქში. თაროდან ვინმეს ბიოგრაფიის ჩამოღება? აზრი არ აქვს, როცა შემიძლია „ვარსკვლავების“ ცხოვრებას ინსტაგრამში დავაკვირდე და მე მათ შესახებ ყველაფერი ვიცი."

"მგრძნობელობა ჩვენს შორის არსებულ კავშირებს, მსგავსებებს აერთიანებს. ეს ხედვის ის გზაა, რომელიც სამყაროს ცოცხლად აჩენს, სადაც ყველაფერი კავშირშია ყველაფერთან და ერთი ცარიელია მეორეს გარეშე."

"კლიმატური და პოლიტიკური კრიზისი, რომლის წინაშეც ვდგავართ და თავის დასაღწევ გზას ვეძებთ, არსაიდან არ გაჩენილა. ჩვენ ხშირად გვავიწყდება რომ ეს მხოლოდ ბედის ან ბედის ირონიის შედეგი არ არის, არამედ, ძალიან კონკრეტული ეკონომიკური, სოციალური, მსოფლმხედვეველობითი (რელიგიური თვალსაზრისის ჩათვლით) ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების ბრალია. სიხარბემ, ბუნებისადმი უპატივცემულობამ, ეგოიზმმა და წარმოსახვის ნაკლებობამ, პირველობისთვის ბრძოლამ და უპასუხისმგებლობამ, სამყარო ობიექტად აქცია, რომელიც შეგიძლია ნაწილებად დაშალო, გამოიყენო და გაანადგურო."

სამწუხაროდ, ქართულ ენაზე ოლგა ტოკარჩუკის ნაწარმოებების წაკითხვა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. მხოლოდ რამდენიმე მოთხრობას თუ იპოვით. მანამდე მხოლოდ იმას თუ დავჯერდებით, სხვა, ზოგიერთი უკვე კარგად ნაცნობი და დაუფასებელი ნობელიანტი ავტორები გავიხსენოთ ან გავიცნოთ.

ტოკარჩუკის სანობელე ლექციის სრულად წაკითხვა პრემიის ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ. ასევე იხილეთ, სამეფო უბნის თეატრის ვიდეო თხრობა, ტოკარჩუკის რომანის ნაწყვეტების მიხედვით.

 

 

მომზადებულია გიკა მიქაბაძის მიერ (თარგმანი და ილუსტრაციები), 2020-12-20